logo
ENG



მელიას თქმით, მისი შტაბი ხელისუფლებასთან დაახლოებული "კანონიერი ქურდის" დავალებით გადაწვეს

16 ნოე 202018:06
3 წუთის საკითხავი
 
მელიას თქმით, მისი შტაბი ხელისუფლებასთან დაახლოებული "კანონიერი ქურდის" დავალებით გადაწვეს

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა მელიამ იმ პირის ვინაობა დაასახელა, რომლის დავალებითაც, მისივე ინფორმაციით, გლდანში ენმ-ის შტაბს დაესხნენ თავს.

როგორც მელიამ აღნიშნა, მის შტაბზე თავდასხმაში ე.წ. კანონიერ ქურდის ნოდარ შუკაკიძის ხელი ურევია. მელია ამბობს, რომ შუკაკიძე ქართული ოცნების გენერალურ მდივანთან კახა კალაძესთან და მმართველი გუნდის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატთან ლევან კობიაშვილთან დაახლოებული პირია, ხოლო მისი ძმა, ლევან შუკაკიძე, პოლიტიკოსის თქმით, მის შტაბთან ახლოს ცხოვრობს.

"რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ დღეს გადაწვა შტაბი. დავასახელებ კონკრეტულ პირებს, ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა ჩემი უტყუარი ინფორმაციით, ეს გახლავთ კობიაშვილ-კალაძესთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, ნოდარ შუშაკიძე, რომელიც საბერძნეთში საპყრობილეში იმყოფება და მას აქვს სატელეფონო წვდომა გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან და მისი ძმის, ლევან შუშაკიძის მეშვეობით აკონტროლებს საარჩევნო პროცესში ყველას და ყველაფერს. ლევან შუშაკიძე ამ შტაბთან ძაან ახლოს ცხოვრობს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს, 16 ნოემბერს, ნიკა მელიას ოფისზე თავდასხმა მოხდა. როგორც ფორმულას ენმ-ში განუცხადეს, დაახლოებით 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.


close დახურვა